თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან. როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...