მაღალმთიანი აჭარა ულამაზესი მხარეა. ჩვენ გოდერძის უღელტეხილით გადმოვედით. 25 სექტემბერი იყო. ციოდა, წვიმდა. უღელტეხილზე უმაღლესი ადგილი 2025 კილომეტრია ზღვის დონიდან. ყველაფერი ნისლში იყო გახვეული. ტყით დაფარული მთები, პატარ-პატარა ხის სახლები, ალაგ-ალაგ კვამლი ამოდიოდა საკვამურებიდან. ხალხი უკვე წასულიყო დაბლა, სოფლებში. ერთი კვირის მერე (ჩვენ უკვე შუახევში ვიყავით) გავიგეთ, რომ ,,პერევალზე’’ მეტრიანი თოვლი მოსულიყო.
სოფელს სადაც მე ვასწავლი მახალაკიძეები ჰქვია. მთებს შორისაა მოქცეული. ხეობას, სადაც მახალაკიძეები მდებარობს, მარეთის ხეობა ჰქვია. სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, თალიბა მახარაძის, მიხედვით, ადრე ამ ხეობას მარადის ხევი ერქვა. თუმცა რამდენად მართალია ეს მოსაზრება ჯერ ვერ გავარკვიე.
სახლების უმეტესობა მთების ფერდებზეა შეფენილი. თითქმის ყველა სახლი ხისგან არის აშენებული. ძველ ქართულ სახლებს მოგაგონებს, აი ისეთებს, ,,ჩვენებურებში“ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, რომ აქვთ.
როცა პირველად ჩამოვედით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე წვიმდა. ოცდაექვსში დილით, როცა გავიღვიძე და ფანჯრიდან გავიხედა საოცრება იყო: ნისლი ნელ-ნელა მოიწევდა დაბლა-დაბლა, მას სახლების საკვამურებიდან ამომავალი კვამლი უერთდებოდა. რაღაც საოცრება იყო რძისფერ ნისლში გახვეული მუქი მწვანე ტყე... ულამაზესი იყო სოფელი. შეუძლებელია ამ ყველაფრის უბრალო სიტყვებით გადმოცემა.
მახალაკიძეები საკმაოდ დიდი სოფელია. აქაურების თქმით სოფელში დღეს 70 კომლი ცხოვრობს, თუმცა ხალხი იხსენებს, რომ სულ რაღაც 10 წლის წინ აქ 120 კომლი ცხოვრობდა, უფრო ადრე - უფრო მეტი. სოფლის მაცხოვრებლები წუხილით აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდები ქალაქს ამჯობინებენ და სოფელს ტოვებენ, საცხოვრებლად ბათუმში, გურიაში მიდიან. შეიძლება არც გაემტყუნებათ ამ ადამიანებს, სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია.
სკოლაში, რომელშიც მე ვასწავლი 76 ბავშვი დადის. პირველ-მეორე კლასებში მხოლოდ ორი-სამი მოსწავლე სწავლობს. თუმცა სხვა მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვავებით მახალაკიძეები მაინც დიდ სოფლად ითვლება.
პირველი რამდენიმე დღე ძალიან გამიჭირდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასე დიდი ხნით გადავწყვიტე სადმე წასვლა ოჯახის გარეშე. თუმცა მარტო არც აქ ვარ, ტატო ჩემთან ერთადაა. ის ძალიან მეხმარება მარტობიის დაძლევაში. ერთი კვირის განმავლობაში ხან ტატო მაწყნარებდა მე, ხან მე - ტატოს. ცოტა გაგვიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ალბათ, ჩვენი განწყობა ამინდის ბრალიც იყო, სულ წვიმდაJ
დღეს 14 ნოემბერია, ერთი კვირის განმავლობაში სულ თოვდა, მხოლოდ დღეს გამოანათა მზემ და დათბა, ცოტა თოვლიც გადნაJ ცოტა გავმხიარულდით, ცოტა გავთბით...
Comments
Post a Comment