Skip to main content

სარო - ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი სოფელი სამხრეთ საქართველოში

პირველად ვარძია რომ ვნახე, ალბათ, დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი. გზად ერთი მოსახვევია, მარჯვნიდან იშლება „ის“ - თვალწარმტაცი, დიადი, დამამუნჯებელი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ასეთი შთაბეჭდილება მიპყრობს, როცა იმ მოსახვევში შევდივარ. დამიჯერეთ არც თუ ისე იშვიათად მიხვდება ფეხი აქ.

მაგრამ დღეს ვარძიაზე არ ვაპირებ წერას. გზად ერთი პატარა სოფელია, დაახლოებით 50 კომლით. თურმე შარშან სოფლის საშუალო სკოლაში პირველი კლასიც კი არ გახსნილა. ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ. მაგრამ ის აქ არის, ჯავახეთში, ასპინძასთან ძალიან ახლოს, ადვილად მისასვლელი, სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილი, საუკუნეების ისტორიის საბადო. 

სოფელი სარო, მესხური ოდა

იკითხვათ ალბათ, რა სოფელია ასეთი, ვარძიის გვერდით მასზე რომ დაგაწყებინებს წერას და საუბარსო?!

სარო ერთი პატარა ჩვეულებრივ-არაჩვეულებრივი სოფელია ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან 17 კილომენტრითაა დაშორებული. იქ მოსახვედრად ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ  და აღმართს აუყვეთ. სერპანტინი საკმაოდ გრძელია. მაღლა და მაღლა მიუყევბით გზას და იქიდან ულამაზესი ხედები იშლება.

ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჯავახეთის ხედები გაზაფხულის ბოლოსკენ შუაზაფხულამდე ყველაზე ლამაზია, ბევრი მწვანე გხვდება თვალში. თუმცა ეს პიროვნული პრეფერენციებია. სხვა სეზონებზე მზისგან დამწვარი ან სიცივისგან გამომშრალი მთები და ველები ფერთა ულამაზეს გამას ქმნიან - მწვანე, ყვითელი, ხორბლისფერი, ლურჯი, ცისფერი, თეთრი. თუ მხატვრობასთან მწყრალად არ ხართ შეიძლება სხვა ფერებიც აღმოაჩინოთ დიდხანს მზერისას.

მეგალითური ნაგებობის ნარჩენები

ძვ.წ. აღ-ით III-II ათასწლეულში აქ ციკოლპური ნაგებობი აუშენებიათ. ციკლოპური მითიური ციკლოპის ინსპირაციით დაარქვეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილ მეგალითურ ნაგებობებს. უცქერ ამ უზარმაზარ, მძიმე და მაღალ ქვებს და თითქოს ვერ დაგიჯერებია მითიური გმირების გარდა, ვინმე სხვას თუ შეეძლო მათი აწევა, ერთმანეთზე დადგმა, მათგან საცხოვრებელი, საკულტო თუ სხვა დანიშნულების ნაგებობის გამოყვანა.

სამად დაყოფილი მეგალითური ციხესიმაგრეების ნარჩენები სხვადასხვა მხრიდან ერტყმის საროს მთავარანგელოზთა ეკლესიას. ეკლესიის მარჯვნივ გზას თუ გაყვებით კლდის ძირთან ბუნებრივი ჩანჩქერიც შეიძლება დაინახოთ, თუმცა არა ყოველთვის. წყალი ხშირად დამშრალია.

აქ ერთი ადგილია, ქარაფის ბოლოს ქვებისგან ბუნებრივად შექმნილი. შეგიძლიათ ქვაზე დადგეთ და კანიონს გადახედოთ. დაბლა ცოტა საშიში სივრცე იშლება. თუ ადრენალინის განცდის სურვილი გაქვთ ქარს დაელოდეთ. ქარაფებიდან გზა მოსჩანს, გზის გაღმა სოფლები, მტკვარი, მეორე მხარეს ცის სილურჯესთან შერწყმული მთები, რომლებიც სამყაროს ერთიანობის განცდას ქმნიან.

შეიძლება გაგიმართლოთ და დედათა მონასტრის დედაოებს და მორჩილებს შეხვდეთ, რომლებიც აქაურობის ისტორიების მოგიყვებია. მონასტრის სკოლაში ბავშვები სწავლობენ ახლო-მახლო სოფლებიდან. მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთობები საროში განცდილ შთაბეჭდილებებს გაგახსენებთ.

საროს მთავარანეგლოზთა ეკლესია

არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს ქალაქთან ასე ახლოს, ასეთი სილამაზე შემეძლო აღმომეჩინა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, სანამ სხვა ქვეყნებით, სხვა ადგილებით ტკბობას დაიწყებ, შეეცადე საოცრებები ნაცნობ, ჩვეულ ადგილებში აღმოაჩინოო. ეს დრო აღმოჩენების დროა, ჩვენი ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის, სოფლის და ქუჩისაც კი.

#დაიწყესამცხეჯავახეთით 😊

#აღმოაჩინეშენისაქართველო 💗💙 


Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)