Skip to main content

15 დეკემბერი


რა საინტერესოა როგორ უძლებენ ყასბები ან მათი ოჯახის წევრები სისხლისა და ხორცის სუნს?! ალბათ, ამაზე საშინელი სუნი მსოფლიოში არ არსებობს.

იმ დღეს თალიბა პაპა მოვიდა, ტატო და მურმანი (ჩემი მეზობელი) წაიყვანა ძროხის დასაკლავად. საღამოზე მე და ქრისტინაც გადავედით თალიბა პაპასთან. ეზო სულ სისხლიანი იყო, თანაც თოვლზე სისხლის წვეთები ძალიან საშინლად გამოიყურებოდა.

თალიბა პაპას სახლი გზის პირზეა, მაგრამ გზიდან ცოტა ქვემოთ უნდა ჩაუხვიო. ეზოში სახლის წინ დიდი ჯორკო (მორი) იდო, მასზე კი ცული იყო დასობილი. ირგვლივ სულ სისხლი იყო მოქცეული. ეზოში გზის მხარეს დიდი, შავტყავგადაკრული მაგიდა იდგა. ეს ყველაგერი, რომ დავინახეთ მე და ქრისტინა ცუდად გავხდით. იმ წუთებში, საწყალი ძროხა წარმოგვიდგა თვალწინ.

სისხლს საშინელი სუნი ჰქონია. სახლში, რომ შევედით მურმანი და თალიბა პაპა ხორცს ჭრიდნენ. ყველაფერი გაჯერებული იყო ცოცხალი ხორცის სუნად.

იმ დღეს ზრდილობის ნიშნად თუ კონიაკის ზემოქმედების გამო, ცოტა ხორცი შევჭამე. მაგრამ სახლში გამოტანებულ ხორცს პირი ვეღარ დავაკარე. ტატოს, როცა ვკითხე რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ხედავდი ძროხის მკვლელობის აქტს-მეთქი, ასე მითხრა ამაზე საშინელება არაფერიაო.

იმ დღეს ნინო დეიდასთან ვისხედით და უეცრად, თალიბა პაპას საწყალი ძროხა გაგვახსენდა. მერე ნინო დეიდამ ასეთი რამ თქვა: - ადამიანზე საშინელი არსება არაფერი არ არისო დედამიწის ზურგზე. პატარა ხბო, რომ იბადება გვიხარია, ვზრდით შვილივით, შემდეგ თავად გვიზრდის შვილს, ბოლოს კი, როცა დაბერდება და გამოუსადეგარი გახდება, მივადგებით, ვკლავთ და ვჭამთო.

საშინლად იმოქმედა ამ სიტყვებმა ჩემზე. ტატომ დაამატა მერე, რომ თურმე მოკვლის პროცესში საქონელი ტირის, ყველა დაეთანხმა.

ერთი კვირა ყარდა სახლი ხორცის სუნად, ერთი კვირა ვრეცხავდი ტატოს ტანსაცმელს, რომ ეს სუნი გამეყვანა და მერე გამიჩნდა კითხვა, როგორ იტანენ ყასბები ან მათი ოჯახის წევრები გამუდმებულ სუნს, რომელსაც სიკვდილის, სისხლისა და ხორცის სუნების ნაზავი ქმნის.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)