Skip to main content

ჩვენი კატა მაწანწალა გახდა

ერთი თვის წინათ ჩვენს პატარა ოჯახს ერთი წევრი შეემატა - ფისო:) ცხოველები ძალიან მიყვარს, ახალციხეში ფისო, სახელად ქითი (რომელსაც ოჯახის წევრების მიერ მიღებული ერთიანი დიაგნოზის მიხედვით აუტიზმი ჭირს) და ორი პატარა ზაზუნა, დუძი და ნუნი, მყვას. როცა აჭარაში მოვდიოდი ჩემს დას ძალიან ვთხოვე, რომელიმე მათგან გამოეტანებინა ჩემთვის, მაგრამ ამაოდ, ასე მითხრა  ჩემი ცხოველები სოფლის ჰაერს არა არიან შეჩვეულებიო (ვხუმრობ თაკო:)) და წამოვედი ასე საწყლად, მარტო, ცხოველების გარეშე:)
მახალაკიძეელი ფისო:)


როგორც ყველა სოფელში, მახალაკიძეებშიც, თითქმის, ყველა ოჯახს ჰყავს კატა, თანაც ისეთი მსუქნებიიიიიი.... გავგიჯდი, რომ დავინახე:) ერთი-ორი კატა ჩვენც შემოგვეჩვია, ყოველ დღე მოდიოდნენ და კარის წინ კნაოდნენ, ისეთი უსინდისო კატები არიან, რომ რამდენჯერმე სახლშიც შემომეჭრნენ და ქვაბებში ჩაძვრნენ, ამიტომ გული ამიცრუვდა ამ კატებზე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, პატარა, საყვარელი კნუტი მეშოვნა.


როცა სკოლაში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვთქვი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მასწავლებელს პატარა კნუტები ჰყავდა სახლში.


ფატი მასწავლებელი ინგლისურს ასწავლის ჩემსავით, ძალიან უყვარს კატები, მის დედა კატას ამ წლის განმავლობაში ორჯერ დაუყრია კნუტები, ნაწილი უკვე გაუჩუქებია და ახლა დარჩენილი კნუტებისთვის პატრონების ძებნის პროცესში იყო, ამიტომ დიდი სიამოვნებით მომიყვანა პატარა ცინდალი:)


პარასკევი იყო, ძალიან ციოდა, დილით, რომ მივედი სკოლაში ერთ-ერთ ოთახში პატარა, საწყალი კნუტი დამხვდა, რომელიც აშკარად გაურკვევლობაში იყო:) ექვსი გაკვეთილის განმავლობაში მელოდებოდა სათავსოში, მერე კი სახლში წავედით ერთად მე და ზუზუ (ასე დავარქვი მას).


ჩვენი ზუზუ თავიდანვე ძალიან პრეტენზიული აღმოჩნდა საჭმელების მიმართ, ბევრ რამეს პირს არ აკარებდა, ამიტომ ცოტა ვინერვიულე. მაგრამ ბედად, რამდენიმე დღეში სოფელმა ყურბან-ბაირამობის აღნიშვნა დაიწყო და ფისოსაც გაუმართლა. ამ დღესასწაულზე სოფელში საკლავს კლავენ და აუცილებლად მეზობლებს მოუკითხავენ ხოლმე:) ჩვენც, როგორც ახალ მეზობლებს მოგვიკითხეს ხორცი. ზუზუმ გაიგო თუ არა ხორცის სუნი სულ გადაირია,  მხოლოდ ხორცის ჭამა დაიწყო, რომელიც ცოტა ხანში ჩვენც გამოგველია:)  ზუზუმ ერთ-ორი დღე ბათუმიდან ამოტანილი კატის საჭმელი ჭამა, რომ არ მომკვდარიყო, შემდეგ კი გადაწყვიტა მაწანწალა გამხდარიყო და ხორცის საძებნელად კარდაკარ დაიწყო სიარული:)


ბოლო კვირების მანძილზე ხან რომელი მეზობელი მომიყვანს სახლში, ხან - რომელი. საღამოობით თავადაც ბრუნდება ხოლმე, მაგრამ ხალხს თავისი კატები მობეზრებიათ და საღამომდე რომელი ოჯახი აიტანს პატარა ცინდალს, რომელიც ფეხებში ებლანდებათ და მუდმივად კნავის ხორცის მოთხოვნით. თანაც ჩვენთან მას სრული თავისუფლება აქვს, შეუძლია მაგიდაზე ახტეს, წყალი ჩვენი ჭიქებიდან დალიოს და საჭმელი ჩვენი თეფშიდან ჭამოს.


ჩვენი ზუზუ
არადა ზუზუ ძალიან საყვარელი ფისოა, მოსიყვარულე, ალერსიანი. როცა მივწვებით ხოლმე, ისიც მოგვიწვება და სახეს გვილოკავს, თათიდ გვეფერება ხოლმე.  უბრალოდ,  ცოტა მსუნაგია და ეს არის მხოლოდ მისი დანაშაული:) მაგრამ აბა რა ქნას, მახალაკიძეელ მსუქან კატებს, რომ ხედავს, ალბათ,  თვითნაც უნდება, მათსავით მსუქანი და ძლიერი იყოს.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)