Skip to main content

16 დეკემბერი


დღეს ჩემი მოსწავლეებისთვის ტესტებს ვადგენდი და უეცრად, გამახსენდა რა ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, სანამ პირველ გაკვეთილზე შევიდოდი. პირველად, 26 სექტემბერს, მეხუთე კლასში ჩავატარე გაკვეთილი. ძალიან წვიმდა, ციოდა, ცუდი ამინდის გამო კლასში ისეთი სიბნელე იყო, საღამო გეგონებოდა. მე უცხო ხალხში, უცხო ბავშვებში აღმოვჩნდი. სანამ შევედი გაკვეთილზე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული.

მეც ვყოფილვარ ბავშვი და ვიცი, რომ სამყაროში ყველაზე სამართლიანი შემფასებლები, ყველაზე მეგობრული და ამავე დროს ყველაზე სასტიკი განაჩენის გამომტანები ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ ამიჩქარდა გული. პირველად ჩემს ცხოვრებაში, შემეშინდა სკოლის. და კიდევ იმიტომ ვინერვიულე, რომ პირველად შევდგი ფეხი სკოლაში, როგორც მასწავლებელმა. თუმცა შევედი თუ არა კლასში, ყველანაირი დაძაბულობა თითქოს გაქრა და დღესაც ვერ აგიხსნით რატომ :) რვა ბავშვის ცნობისმოყვარე, თბილი, ეშმაკუნა და ცელქი, მეგობრული თვალი ჩემკენ იყო მოპყრობილი. დღეს ამ კლასის დამრიგებელი ვარ და, როცა გაკვეთილზე შემდივარ ისევ რვა ბავშვის ეშმაკუნა და ცელქი, ცნობისმოყვარე, თბილი და მეგობრული თვალი მხვდება. როცა მათ ვხედავ იმდენად ვივსები სიყვარულით, რომ ლამისაა ვიტირ

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებლობას შევძლებდი ან სკოლაში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ დღეს ისეთ განწყობაზე ვარ, რომ ხანდახან ვფიქრობ, სკოლა არის ადგილი, სადაც მე ყველაზე კარგად და ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. და მიუხედავად იმისა, რომ არის წუთები, როცა ძალიან ვიღლები, როცა აღარ მაქვს თავი ვიხტუნავო, ვიცინო და ვიცანცარო გაკვეთილზე, როცა აღარ მინდა დილით ადრე ადგომა, გაკვეთილზე რომ შევდივარ, ბავშვები იმხელა ენერგიას და სიყვარულს მაძლევენ, რომ ვხვდები, მათ გარეშე არ შემიძლია

ეს სამი თვე სკოლაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თბილი, საოცრებებით სავსე და ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცრებებს კი თითოეული ჩემი მოსწავლე ქმნის ყოველდღიურად. ბავშვებზე საოცარ და ლამაზი არსებები, ალბათ, დედამიწის ზურგზე არ დადიან. ამას ყველაზე კარგად სკოლაში ხვდები, სადაც ათეულობით ბავშვი ისეთ არაჩვეულებრივ რაღაცას იტყვის, ან გააკეთებს, რომ პირს დაგაღებინებს, გაგაკვირვებს, ან აგატირებს და მერე გაგაცინებს

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)