Skip to main content

აშურის მთვარე


,,აშურის მთვარემ“ გრძელი ღამეები მოიტანა. საღამოს ექვსს საათზე უკვე ღამდება და დილამდე ღამეა, განსაკუთრებით ჩვენს პატარა სახლში:) დარაბებდაკეტილ ოთახში მაშინ თენდება, როცა დარაბებს გააღებ, შაბათ-კვირას კი ეს შუადღის პერიოდში ხდება ხოლმე:)

შაბათ-კვირა თან მიხარია, თან არა. მიხარია იმიტომ, რომ გვანობამდე შემიძლია ვიძინო, არ მიხარია იმიტომ, რომ დღეც და ღამეც საშინლად იწელება.

,,აშურის მთვარეს“ სავსე მთვარეობა მოჰყვა. ღამე ისეთი ნათელია, გეგონება, არც არის ღამე ალბათ, თოვლის ბრალია. ჩვენი სახლის პირდაპირ დიდი მთა არის, ნამწვავის სერს ეძახია, სულ ტყით არის დაფარული. ფანჯრიდან რომ გავიხედავ ახალციხე  მახსენდება. იქ, ჩემი კორპუსიდან ამირანის გორა მოჩანს, ნამწვავის სერისგან განსხვავებით გაცილებით შორსაა და არც ტყით არის დაფარული, მაგრამ, ვცდილობ, აჭარაშიც პატარა, მხოლოდ ჩემთვის ხილული ახალციხე შემვქმნა.

სავსემთარეობაზე ნაწვავის სერის მაღლა, მთის გვერდით სავსე მთვარე ამოცურდება  და მთელს სოფელს გაანათებს ხოლმე. ცუდ ამინდებში მთის წვერისა და მთვარის ირგვლივ ღრუბლები მოიყრიან თავს. და იწყებს მთვარე ცურვას და მიჰყვებიან მას ღრუბლებიც.

რამდენიმე დღის წინათ თეონა იყო მოსული (მეზობლის გოგო, აქაური ხოჯას შვილი), აშურა მოგვართვა და თან ახსნა-განმარტებაც მოაყოლა. აშური რძეში მოხარშულ ბრინჯის ქაშს ჰგავს, მაგრამ მასში ბრინჯის გარდა ექვსი სხვადასხვა სახის რამ უნდა ერიოს, მაგალითად კაკალი, სიმინდის მარცვალი, ქიშმიში, ლობიო. ქაშში შვიდი სახის პროდუქტი უნდა ერიოს, რაც  სიმბოლურად, ნოეს კიდობანის გადარჩენას აღნიშნავს. მასში ფულსაც ურევენ ხოლმე და ოჯახის ის წევრი, რომელსაც ჭამისას ეს ფული ამოყვება მთელი წელი ბედნიერი იქნება.

თეონას წასვლის შემდეგ, თალიბა პაპა გვესტუმრა და უფრო დაწვრილებით აგვიხსნა ამ კერძის ტრადიცია. როცა ნოეს კიდობანში გადარჩენილ ადამიანებს საჭმელი გამოლევიათ, გადაწყვიტეს შეეგროვებინათ ვისაც რა ჰქონდა ის და საერთო სადილი გაეკეთებინათ. ასე შეგროვდა შვიდი სხვადასხვა სახის პროდუქტი და შეიქმნა ბრინჯის ქაში, სახელად აშურა.

,,აშურის მთვარე“  მუსლიმანური დღესასწაულია, რომლის დროსაც აშურას აკეთებენ და აუცილებლად მეზობლებს მოუკითხავენ ხოლმე. ეს დღესასწაული მოძრავია და ყურბან ბაირამობის შემდეგ აღინიშნება.

ბრინჯის ქაშში ხურდის ჩაგდების ტრადიციამ ჩვენებური  ბასილა და ბედის პურები გამახსენა. დედაჩემი ძველი ახალი წლისათვის ბედის პურებს აცხობს ხოლმე, სანამ ცომს დააცალკევებს მასში ხურდა ფულს აგდებს. როცა ბედის პურები ცხვება გვინაწილებს ხოლმე და ვისაც ის სანატრელი ხურდიანი პური მოყვება, მთელი წელი ბარაქიანი ექნება. ასე ვიცით ჩვენ:)

აშურა გემრიელი საჭმელი აღმოჩნდა. ,,აშურის მთავრემ“  კი უჩვეულოდ ლამაზი მთვარე და განათებული მახალაკიძეები გამოგვიგზავნა.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან განსხვავებ

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო