Skip to main content

11 თებერვალი, 2012


არდადეგების შემდეგ აჭარაში დავბრუნდით:) ამჯერად ახალციხესთან განშორება მეტ-ნაკლებად ადვილად გადავიტანეთ მეც და ტატომაც:) თუმცა ამ მეტ-ნაკლებობაში იმას ვგულისხმობ, რომ არ მიტირია, ემოციური განწყობა კი მაინც იგივე მქონდა და ახლაც მაქვს.

ახალი წლის დადგომასთან ერთად ჩვენს აქაურ სახლს ახალი სული შთავბერეთ, ბათუმში ტელევიზორი და გობი (ანუ პარაბოლური ანტენა, აქ ,,გობს“ ეძახია) ვიყიდეთ და ახლა უფრო გვიადვილდება აქ ცხოვრება. როცა სახლში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ,,წევრი“ ლაპარაკობს დილიდან-საღამომდე (ჩვენთან ღამეც), ადამინებს სიმშვიდის გრძნობა ეუფლებათ ხოლმე. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, ჩვენი ახალი ,,წევრის“ წყალობით.

ერთი, რაც ყველაზე ცუდი რამ დაგვემართა, აქ ჩამოსვლის შემდეგ ის არის, რომ ჩვენი ლეპტოპი გაფუჭდა და მხოლოდ ტელევიზორის ამარა დავრჩით:)

ჩვენი ანტენა კარგი ხარისხითა და ჩვენებით მხოლოდ თურქულ, აზერბაიჯანულ და რამდენიმე ყირგიზულ არხს იჭერს, ხოლო ქართული არხების ყურების საშუალება შიგადაშიგ, ხან ორდღეში ერთხელ, ხან დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში გვეძლევა. ალბათ, ანტენა კარგად არ არის დამონტაჟებული და სწორი მიმართულება არ აქვს. ტატომ ბევრი იწვალა მის დამონტაჟებაზე, თუმცა ვერაფერს გახდა და ბოლოს დავმორჩილდით ბედს, დავიწყეთ თურქული არხების ინტენსიური ყურება და თურქული ენის სწავლა:) სხვათა შორის, ყველაზე ადვილად გასაგები სერიალები აღმოჩნდა:)

ქართული არხებიდან ყველაზე კარგად აჭარის 25-ე არხს იჭერს ჩვენი ანტენა. ამ არხზე მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა მედია-კავშირი ,,ობიექტივის“ გადაცემები. არ ვიცი ამ მედია-კავშირის შესახებ ვინმეს გაგონილი თუ გაქვთ. ეს არის რადიკალურ-ოპოზიციური კავშირი და ასეთივე გადაცემებსაც აკეთებს. მოკლედ, თუ ამ არხს ცოტა ხანი უყურებთ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ჭკუიდან შეიშალოთ:)

ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ რაც ჩამოვედით ჩვენი ფისო, ზუზუ, რომელსაც ახლა ტატო ბარამბინოს ეძახის (ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო), დაგვიბრუნდა და, თანაც, სამუდამოდ (ახლა ხეზე დავაკაკუნე, რომ თვალი არ ეცეს). ჩვენი არყოფნის განმავლობაში ფისო მეზობელთან ცხოვრობდა და, ალბათ, მიხვდა რა ძალიან ვყვარებივართ:)

აი სულ ეს არის, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში ,,გადაგვხდა“ თავს. დანარჩნი ძველებურად დარჩა ყველაფერი. თალიბა პაპა ისევ გვსტუმრობს, მე ისევ დავდივარ სკოლაში და ისევ განვიცდი შაბათ-კვირას, როცა მთელი დღე სახლში მიწევს ყოფნა და დრო ძალიან ნელა მიიზლაზნება. ისევ თოვლია აჭარაში და ღამ-ღამობით ისევ ძალიან ცივა.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)