რაც ფეხმძიმეთ ვარ, ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ალბათ, ესეც ჩვეულებრივი
მოვლენაა და გასაოცარი არაფერია ამაში. ყველა წვრილმანზე მეტირება და ყველაფერზე ადვილად
მიჩუყდება გული.
ამასწინ თბილისში მორიგი ვიზიტის დროს უნივერსიტეტში შევიარე და იქ უხეშად
დამელაპარაკა ერთი ქალბატონი. კინაღამ ტირილი მოვრთე, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი:) სხვა შემთხვევაში ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი
ასეთ რამეს. მოკლედ, ასეთი სისულელეებიც მახასიათებს ამ ბოლო დროს:)
დრამებისა და მელოდრამების ყურებისას ადრეც ვტიროდი, მაგრამ ეხლა რასაც
ჰქვია ვბღავივარ:) აი რას
მიშვება ჩემი პატარა ბუშტი:)
გარდა სენტიმენტებისა, მომთხოვნიც გავხდი გარშემომყოფების (ძირითადად,
ოჯახის წევრების) მხრიდან. ვითხოვ ძალიან ბევრ სითბოს, მოფერებას და გაგებას, ხანდახან
ფრიად გაუგებარი საქციელისაც. ჩემ თავს ვამჩნევ, რომ ეგოისტი ვხდები და თან მომაბეზრებელიც.
სულ მინდა, რომ მომეფერონ და პატარა ბავშვივით მომექცენ:)
ჩემმა მეზობელმა მითხრა, ფეხმძიმობისას ქმარი და მისი სუნი შემძულდაოJ პირდაპირ გასაოცარი რამაა. ჩემთან პირიქით ხდება, მგონი,
მე შევაძულე თავი ტატო ჩემი ხასიათის უეცარი ცვლილებებით:) მაგრამ ეს ხუმრობაა, ტატო ჯერ-ჯერობით ოლიმპიური სიმშვიდით
ითმენს ჩემს ,,გამოხტომებს’’ და მერე რა მოხდება არ ვიცი:)
ერთი რამ, რასაც მუშაობის დაწყებამდე, ჩემი აზრით, კარგსა და სასარგებლოს
ვაკეთებდი იყო ჩემი ინტერესი მზარეულობის მიმართ. გადავწყვიტე, რადგან სახლში ვიყავი
საჭმელების კეთება თავზე ამეღო. მართალია, ერთი კერძის მომზადებას საკმაოდ დიდ დროს
ვუთმობდი, მაგრამ, სამაგიეროდ, გემრიელი გამომდიოდა (თავს ვიქბე ეხლა).
თავიდან ძალიან ჩვეულებრივი და ნაცნობი კერძებით დავიწყე ჩემი კულინარიული
კარიერა, შემდეგ კი დედაჩემს, რაც კი სახლში კულინარიული წიგნი და ჟურნალი ჰქონდა,
ყველაფერი წავართვი და განვიზრახე უფრო უჩვეულო და ახალ-ახალი კერძებისთვისაც მომეკიდა
ხელიწყი. თუმცა კოვზი ნაცარში ჩამივარდა, სამსახური დავიწყე და ჩემი კულინარიული მოღვაწეობაც
იქ დამთავრდა:)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEghMfFP7MxRLEIJTuzIlX4Ov3yOp50EqOL966ZNIjQZSf6_w_ubL6NAK0O1UEwdNWXO30ITiFvWceVVVBfMDvFvPO2w8o58BIwRzoH02wcZ3NLwQ7K6Wb4VcSTTNxKSneqmOGpxXMwzWl4/s400/Im-pregnant-cakes.jpg)
ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში თუ
ძილიანობა შემოგეჩვიათ ყველა ღონე იხმარეთ შეებრძოლოთ და თავი არ დააჩაგრინოთ მას:) და კიდევ ეცადეთ არ ,,გაუმწაროთ“ ცხოვრება გარშემომყოფებს
სულელური კითხვებითა და მოთხოვნებით:) ჩემს ექიმს,
რომ ვუთხარი ვნერვიულობ-მეთქი, ასე მითხრა, რა განერვიულებს, დატკბი ცხოვრებით და შენი
მდგომარეობითო.
ორსულობა, მართლაც, განსაკუთრებული მოვლენაა და მიუხედავად ყველა ცვლილებისა,
ამაზე კარგი მდგომარეობა, ქალის ცხოვრებაში, ალბათ, არ არსებობს.
Comments
Post a Comment