Skip to main content

13 მარტი, 2012 წელი


მეორე სემესტრი გაცილებით რთული აღმოჩნდა სწავლების მხრივ. ალბათ, იმიტომ რომ როცა მასწავლებლობა დავიწყე ბევრი რამისთვის მოუმზადებელი ვიყავი, ბევრ რამეს ძალიან ადვილად ვუყურებდი, ბევრი რამ არ ვიცოდი, არ ვიცოდი, რა ტიპის ურთიერთობები უნდა დამემყარებინა ბავშვებთან, მიუხედავად ხანგრძლივი ტრენინგებისა ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული რას ნიშნავდა კლასის მართვა. თუმცა ჩემს პრობლემებს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია სწავლებისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე, პირიქით, უფრო გამიმძაფრა ინტერესი განთლების საკითხისადმი.

თავიდან მასწავლებლობა ძალიან, ძალიან ადვილი მომეჩვენა. როდესაც უცხოურ საიტებზე სხვა მასწალებლების ჩანაწერებისა და ბლოგების კითხვა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ბევრი მათგან წერდა, რა რთული იყო მათთვის პირველი წელი სკოლაში, გამეცინა:) მაშინ ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემმა პირველმა სემესტრმა ისე ჩაიარ, ვერც კი გავიგე. მერე კი ყველაფერი შეიცვლა, ალბათ, ბავშვები შემეჩვიენ, გამიშინაურდნენ და თავიანთი პრივილეგიების მაქსიმალურად გამოყენება დაიწყეს. მაშინ ხშირად მახსენდებოდა ერთ-ერთი მასწავლებლის, ანას (რომელიც ეხლა სვანეთშია), ნათქვამი. ტრენინგებზე აღიარა, რომ პირველ წელს, ისე გამიჭირდა, საერთოდ აღარ მინდოდა მასწავლებლობაო.

მეორე სემესტრში აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ ისე არ გამიკეთებია და დამიგეგმია, როგორც საჭირო იყო. აღმოვაჩინე, რომ სასწავლო პროცესს ძალიან ზედაპირულად ვუდგებოდი. თუმცა ,,ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ პრინციპით ვიმოქმედე და დავიწყე სხვადასხვა მეთოდოლოგიური ლიტერატურის კითხვა და მალე მივხვდი სად მონდა დაშვებული შეცდომები.

1. ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი. 

ცოტა ხნის წინათ ერთ წიგნში წავიკითხე, რომ მასწავლებელი უნდა იყოს მკაცრი (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში). ჩვენმა ერთთმა ტრენერმა ტრენინგის ბოლოს გაგვაფხილა: -ნუ იქნებით ბავშვების მეგობრები, იყავით მათი თანამშრომლებიო. ეს ყველაფერი არამც თუ გავითვალისწინე, არამედ უარვყავი და თავიდანმე მეგობარი გავხდი, თან ძალიან ახლო. მერე კი ჩემმა მოსწავლეებმა, როგორც, ალბათ, ყველა ბავშვი და მათ შორის მეც, ბავშვობის ასაკში, გამოიყენეს ეს მიდგომა თავიანთ სასარგებლოდ. სწორედ, ამის მერე დამეწყო პრობლემები კლასის  მართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვები კარგად სწავლობდნენ, ადვილად ითვისებდნენ ახალ მასალას, ვეღარ ვაკონტროლებდი მათ ქცევას გაკვეთილის დროს.

გაღიმება, მოფერება და პოზიტიური დამოკიდებულება მნიშვნელოვანი რამაა მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში, თუმცა ცოტაოდენი სიმკაცრე და დისტანცია მაინც საჭიროა. მოსწავლეს უნდა ესმოდეს, რომ მასწავლებელი და ის თანამშრომლები არიან და მიისწრაფიან საერთო მიზნისკენ.

2. წესებისადმი ზერელე დამოკიდებულება.

თავიდანვე ყველა კლასში შევადგინე წესები და დავაწესე პირობითი სასჯელებიც. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვების ჩართულობითა და მონაწილეობით გაკეთდა და ყველა კმაყოფილი იყო გაკვეთილის ბოლოს. თუმცა ჩემი ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების გამო, წესების დამრღვევები არ ,,დავსაჯე“. ამან წესებისადმი დამოკიდებულება შეცვლა და ახლა კლასში გვქონდა ფორმალური წესები, რომლებსაც ფაქტიურად არავინ ასრულებდა. როცა ადგენ წესს, კიდეც უნდა მოითხოვო მისი შერულება და თანაც საკმაო სერიუზოლობითა და პასუხისმგებლობით. მოსწავლემ უნდა იგძნოს თავისი პასუხიმგებლობა მის მიერ შედგენილი წესების წინაშე.

ეს ყველაფერი, ალბათ, ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო. თუმცა ცვილებების განხორციელება არ დამეზარა და მეორე სემეტრიდან დამოკიდებლებები შევცვალე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებთნ კარგი ურთიერთობა აღარ მაქვს, უბრალოდ, ახლა მე და ჩემი მოსწავლეები ვცდილობთ მეგობრობიდან თანამშრომლობისკენ გადავიდეთ და საერთო საქმე ერთად, მთელი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ.

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)