Skip to main content

ორსულობა და მოდა



რატომღაც მეგონა, რომ დავრჩებოდი თუ არა ფეხმძიმეთ მეორე თუ არა, მესამე თვეში მუცელი უკვე ისეთი დიდი მექნებოდა, რომ ყველა შეამჩნევდა ჩემს მდგომარეობას. თუმცა ასე არ მოხდა. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი ადამინის აღნაგობაზეა დამოკიდებული.   მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე თვეში ვარ, მაინც არ მაქვს ძალიან დიდი ღიპი:) ყოველ შემთხვევაში, ბევრი მეუბნება, რომ საერთოდ არ გეტყობაო. ეს ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, მაგრამ ხალხის უაზრო და უადგილო კომენტარებს ისე შევეჩვია, რომ ყურადღებას აღარაფერს ვაქცევ:)

მოკლედ, რა მინდოდა, რომ ამით მეთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მუცელი საკმაოდ გვიან გახდა შესამჩნევი ფართო საზოგადოებისთვის, ნუ იფიქრებთ, რომ არ გავსუქებულვარ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში :) პირიქით, ძალიან მოვიმატე წონაში.

თავიდან, ალბათ, როგორც ყველა მეც ვღელავდი გასუქების ამბავს, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემს პატარას. ამიტომ გადავწყვტე ბოლომდე დავმტკბარიყავი 9 თვით, არ მეღელვა სიმსუქნეზე და მეჭამე როცა მინდა, რაც მინდა, რამდენიც მინდა (ხუმრობით, რა თქმა უნდა. არც ორსულებისთვის შეიძლება ზომა გადასული კვება). კიდევ როდის დამიდგება ეს დრო ვინ იცის:)

ჯინსებსა და მოტკეცილ მაისურებზე ძალიან მალევე ვთქვი უარი. აღარც ახალი შევიძინე, მალე უფრო დიდი და დიდი უნდა გავმხდარიყავი და რა აზრი ჰქონდა?! საკმაოდ მშვიდად შევეგუე უჯინსობას (თუ გავითვალისწინებთ ჩემს სიყვარულ შარვლების მიმართ, ეს გასაკვირიც კი არის) და გადავედი ქვედაბოლოებისა და კაბების სამყაროში. სამაგიეროდ, ახლა უფრო ქალური ვარ :)

თავიდან ტანსაცმილის შერჩევასთან და ყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია. მერე და მერე უფრო გამიჭირდა შესაბამისი ტანისამოსის მოძებნა ახალციხეში (მე ახალციხის გადმოსახედიდან ვსაუბრობ ამ თემაზე, რა თქმა უნდა, თბილისსა და სხვა ქალაქებში შეიძლება უკეთესი მდგომარეობა იყოს). სწორედ, ამან გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.

ორსულობა არ ნიშნავს იმას, რომ ლამაზად და მოდურად არ უნდა გამოიყურებოდე. მართალია, მე ამას ძალიან ზედმიწევნით არ ვასრულებ (მაგ. წარბების ამოღება მეზარება, არ ვიკეთებ მაკიაჟს...), მაგრამ ლამაზად ჩაცმას ნამდვილად ვაფასებ. ხოდა, როგორც კი შევატყე, რამდენიმე თვეში, რომ ჩემი პატარა მუცელი არც ისეთი პატარა იყო, გადავწყვიტე შემერჩია ლამაზი და თან მოსახერხებელი ტანისამოსი, რომელსაც სამსახურშიც ჩავიცმევდი. და ჩემი პრობლემებიც მაშინ დაიწყო:(

ახალციხე ნამდვილად არ უჩივის მაღაზიათა სიმწირეს, თუმცა ძნელად თუ იპოვი საორსულე ტანსაცმელს. გავიხუმრე კიდეც, რომ ტანსაცმლის მხრივ ორსულთა დისკრიმინაციაა-მეთქი. ფაქტიურად, არჩევანის საშუალება არ გეძლევა. არის, მაგრამ არის ერთი ან ორი და ისიც, შეიძლება ან არ მოგიხდეს, ან არ მოგეწონოს. ყველაზე ადვილი კაბების და მიასურების ყიდვა აღმოჩნდა, თუმცა დიდი არჩევანი არც აქ იყო. 

ბოლოს მივაკითხე ,,სექენდ ჰენდს“ და, თქვენ წარმოიდგინეთ, აქ უფრო ვნახე შესაფერისი სამოსი:) და თანაც დაბალ ფასებში. ორსულობისას ტანსაცმელში არც ღირს დიდი თანხის მიცემა, გავა 9 თვე და შეიძლება ვეღარც ჩაიცვათ. ამიტომ ყველა ორსულს გირჩევთ შეიაროთ ხანდახან ,,სექენდ ჰენდში“, ნამდვილად საინტერესო ,,შოპინგი“ გამოგივათ:)

ასეთმა სავალალო მდგომარეობამ მე და ტატო ბიზნესის დაწყებაზე დაგვაფიქრა: ხომ არ გაგვეხსნა საორსულე ტანსაცმლის მაღაზია?! :)

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)