Skip to main content

22 მაისი, 2012 წელი



ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს  კუთხეები შეიძლებოდა ასეთი განსხვავებული ყოფილიყო ერთმანეთისგან. მახსოვს, სანამ შუახევში წავიდოდი, ინტერნეტი გადავქექე აჭარის სურათებისთვის და როცა, რამდენიმე გასაოცარ სურათს წავაწყდი, ვერც კი დავიჯერე, რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამებოდა.

თავიდან აქ, რომ ჩამოვედი უკვე შემოდომა იყო, თუმცა აქაურობა ძალიან ლამაზი იყო. მაშინ მართლა გავოცდი აჭარის სილამაზით, მაგრამ თურმე ყველაფერი წინ მქონდა. ზამთარი, გაზაფხული - ბუნება სასწაულებს ახდენდა ამ ტყეებსა და მთებში.

აპრილში ახალციხიდან უკან, რომ ვბრუნდებოდით აჭარა გაზაფხულის სუნს აფრქვევდა. ქედაში ყველაფერი ყვაოდა. თუ ზამთარში ნაცრისფერი მთებს შორის ულამაზესი ჩანჩქერები ადვილად დასანახი იყო, ახლა ეს ჩანჩქერები დამალულიყვნენ სიმწვანეში, თითქოს არ სურდათ ადამიანებს დაენახათ მათი დიდებული სილამაზე.

სოფელში ხალხი საგაზაფხულო სამუშაოებით იყო დაკავებული. ერთი კვირის მანძილზე ძალიან ცხელოდა, ასეთი სიცხე გაზაფხულზე არასოდეს მიგვრძნია. თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისეთი წვიმები დაიწყო, ტროპიკებში მეგონა თავი.

აქ თუ წვიმა გადაწყვეტს მოსვლას, სულ მცირე ერთი კვირა მაინც წვიმს ხოლმე. წვიმა ძალიან მიყვარს, აჭარაში უფრო შემიყვარდა. ზიხარ სახლში, თბილად და გესმის ,,ჟეშტის“ სახურავზე თითოეული წვიმის წვეთის ხმა.  სახურავის ბრალია, რომ წვიმა ასეთი ხმაურიანი და ხალისიანია. წვიმის შემდეგ კი ყველაფერი ნისლით იფარება და მაშინ არის ფერთა სასწაული ნაზავი: მწვანე მთები, მდელოები თეთრი გვირილებით, ყვითელი ბაიებითა და ცისფერი ,,ნიზაქბუტკებით“ მოჩითული, აქა-იქ აყვავებული ასკილი, ვაშლი, ლეღვი და კარალიოკი, სველი ხის სახლები...

ახლა მჯერა, რომ ინტერნეტში ნანახი სურათები არ აჭარბებდა:)

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)