Skip to main content

14 მარტი, 2012 წელი



ზუსტად ხუთი წელი გახდება რაც სკოლა დავამთავრე და ახლა, ამ რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ შევდგი ფეხი სკოლაში, ჩემი სკოლიდან შორს, მაღალმთიანი აჭარის სკოლაში, მაგრამ, ჩემი ხანმოკლე გამოცდილებიდან მივხვდი, რომ სკოლა სკოლაა, გინდა აჭარაში იყოს ის, და გინდა მესხეთში.

რომ გითხრათ სკოლა ძალიან მიყვარდა-მეთქი, მოგატყუებთ. მიყვარდა უფრო ჩემი კლასი და კლასელები, ყოველდღიურად მათთან შეხვდრა  და გართობა. მიუხედავად ამისა, 11 წლის მანძილზე ვცდილობდი ყოველთვის კარგი მოსწავლე ვყვოფილიყავი, კარგად მესწავლა და მასწავლებლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონოდა. მაშინ, იმ 11 წლის მანძილზე ყველაფერს მოსწავლის თვალით ვუყურებდი, მასწავლებლების მიმართაც განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა, იყვნენ საყვარელი, კარგი მასწავლებლები და ისეთებიც, რომელთა დანახვაც არც ერთ ბავშვს არ უყვარდა. 

ძირითადად, კი შემდეგი ტიპის მასწავლებლები გვხვდებოდნენ:
  
     1. მასწავლებლები, რომელთაც მობეზრებული ჰქონდათ ეს საქმიანობა და მხოლოდ დროის გასატარებლად ან მატერიალური მიზნებით დადიოდნენ სკოლაში. ამ ტიპს განეკუთვნებოდნენ ,,სულერთია სინდრომით“ დაავადებული მასწავლებლებიც, რომლებიც შემოდიოდნენ, ატარებდნენ გაკვეთილს, ერთ-ორ სიტყვას ეტყოდნენ მათ, ვინც არ სწავლობდა და გავიდოდნენ სულდამშვიდებულები, რომ თავიანთი მასწავლებლური მოვალეობა პირნათლად შეასრულეს ერისა და მამულის წინაში.

      ვერ ვიტყვი, რომ ამ ტიპის მასწავლებლები კარგები არ იყვნენ. იყო ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც, მიუხედავად თავისი პრობლემებისა, გულში მაინც იტოვებდა ცოტაოდენ ადგილს თავისი მოსწავლეებისათვის და ჩვენც კეთილგანწყობილნი ვიყავით მათ მიმართ; 

      2.  მეორე ტიპს მიეკუთვნებოდნენ მასწავლებლები, რომელთაც ეგონათ, რომ ისინი იყვნენ ყველაფრის ბატონ-პატრონი, ხოლო მოსწავლეები მათ ,,მონები“ იყვნენ. მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ ეყვირათ, ეჩხუბათ და ეცემათ კიდეც თავიანთი აღსაზრდელები, თუ ისინი ,,მონურ“ მორჩილებაში არ იქნებოდნენ. ასეთ მასწავლებლები ე.წ. ,,გარჩევის“ სინდრომითაც იყვნენ დაავადებულნი;

      3.   ამ ტიპს მიეკუთვნებოდნენ წმინდა ,,გარჩევის“ სინდრომით დაავადებული მასწავლებლები, რომლებიც ამ სინდრომს ისე ჰყავდა შეპყრობილი, რომ არ შეეძლოთ კლასში ,,გარჩევის“ გარეშე ყოფნა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც კარგად სწვლობს ის ,,არსებობს“ მასწავლებლისთვის, ვინც ვერ სწავლობს ის არ არსებობს კლასში. როგორც ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი იტყოდა, ასეთი მოსწავლეები მკვდარი სულები იყვნენ.

კიდევ იყვნენ სხვა ტიპის მასწავლებლებიც. ნურავინ გაიგებს ისე, რომ კარგი და მეგობრული მასწავლებლები არ არსებობდნენ ჩემს დროს სკოლაში, ასეთებს დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებთ მე და ჩემი თანაკლასელები. 

ალბათ, იკითხავთ თუ ასეთი შთაბეჭდილებები გქონდა სკოლაზე, როგორღა დაბრუნდიო?!  როგორ და ასე, ძალიან უცნაურად, უეცარი და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებით და მართალი გითხრათ არც ვნანობ, პირიქით, ძალიან მიხარია ყოველ დღე სკოლაში მისვლა და ბავშვებთან ურთიერთობა.

ახლა სკოლას მასწავლებლის და არა მოსწავლის თვალით ვუყურებ და, სამწუხაროდ, დიდი ცვლილებები არ შეინიშნება. ყველაფერი ისევ ისეა როგორც ხუთი წლის წინ დავტოვე სკოლაში, თუმცა ვინაიდან ახლა უფრო მეტი დრო მაქვს მასწავლებლებთან საურთიერთობოთ და ჩვენს შორის უკვე თანამშრომლობითი დამოკიდებულებაა, უფრო კარგად კარგად ვხვდები რა არაჯანსაღი მიდგომაა მოსწავლეების მიმართ. შეიძლება მხოლოდ ჩემს სკოლაშია ასე, მაგრამ ძალიან მეეჭვება. როცა ვუსმენ მათ საუბარს ხანდახან ვფიქრობ, რომ იმისთვის რომ კარგი მასწავლებელი იყო, უბრალოდ ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე და ძალიან, ძალიან გინდოდეს აკეთო ის. მართალია ზოგს ოჯახი ჰყავს, ზოგს შვილები, ზოგი იმაზე დარდობს სახლში ჩქარა მივიდეს, რომ სხვა საქმეებიც მოასწროს, ზოგს მატერიალური წახალისება სჭირდება, ეს ყველაფერლი გასაგები და გულთან ახლოს მისატანია, თუმცა მე მაინც მჯერა, თუ ნამდვილად გრძნობ, რომ სულით ხორცამდე მასწავლებელი ხარ და ეს ის საქმეა, რაც დიდ სიხარულს განიჭებს, მაშინ იმ 5-6 საათის განმავლობაში, რასაც სკოლაში ატარებ, ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ ყოფით პრობლემებს და თავს მოსწავლეებს და შენ საქმეს მიუძღვნი.

მასწავლებელი უნდა იყო მოწოდებით, ეს უნდა გინდოდეს და ამ საქმეს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ან სხვა რაიმე მიზეზების გამო არ უნდა აკეთებდე. სხვა შემთხვევაში დიდია საფრთხე, რომ გადაიქცე ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ტიპის მასწავლებლად, მერე კი ყველაფერი აირევა კლასში და დაკარგავ კეთილგანწყობილ გარემოს. შეიძლება მე ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელი და პატარა ვარ, თუმცა დღეს ასე ჩემი აზრია :)

Comments

Popular posts from this blog

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო. სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან გ...

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო...

3 დეკემბერი - ჩემი დაბადების დღე:)

დღეს ჩემი დაბადების დღეა :) ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ხმაურიანად აღინიშნებოდა. სტუმრად ვიწვევდი, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს, დედაჩემი არასოდეს მიშლდა სახლის აკლებას, ეს ხომ ჩემი დღე იყო :) მხოლოდ ერთი წელი მახსოვს, როცა დაბადების დღე არ აღვნიშნეთ. ეს იყო 2000 წელი, ამ წელს გარდაიცვალა პაპა, ეს ისეთი ტკივილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ აღარავის გაახსენდა დაბადების დღე. წელს ვფიქრობდი, რომ სამი დეკემბერი ყველაზე საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ხომ პირველი დაბადების დღე არის, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად არ აღვნიშნავ. თუმცა დილით, როცა გავიღვიძე ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა - წლევანდელი 3 დეკემბერი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უცხო ხალხმა, რომლებსაც მახალაკიძეელები ჰქვიათ, ისეთი დაბადების დღე მომიწყეს, რომ მთელი დღე ცრემლები მახრჩობდა ბედნიერებისგან :) ეს ტორტი ქრისტინამ მომიტანა დილით:) უგემრიელესი იყო შუადღის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო მოვიდა სტუმრად და ნამდვილი, ბავშვური დაბადების დღე გადავიხადეთ :)