ამ ბოლო დროს ბევრი მეკითხება, როგორ მომწონს აჭარაში
ცხოვრება, მეც ბანალურ პასუხებს ვცემ ამ მომაბეზრებელ კითხვებს. ცოტახნის წინ მართლა
დავფიქრდი, რატომ მომწონს ან არ მომწონს იმ მივარდნილ სოფელში ცხოვრება და ყველა სოფლური
,,გასაჭირის“ ატანა.
უკვე ერთი წელი ხდება, რაც სოფლეში ვცხოვრობ და ამ დროის
განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს წარმოდგენაში. ქალაქში გაზრდილი ადამიანისთვის წარმოუდგენელია (ისე როგორც ჩემთვის იყო წარმოუდგენელი) ისეთ პირობებში ცხოვრება, როგორშიც
მე ვცხოვრობ, თუმცა ეს ცხოვრება გაცილებით უკეთესია, დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან,
ვიდრე ქალაქური სიგიჟე, მტვერი და უბედურება.
რატომ მომწონს მახალაკიძეები და იქ ცხოვრება?
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEitnGTZSxRmuyeSJLoLUN_gsE87ENkVAY8wAuvoHpiD3vrPSZ4Ti0qdO-I2w5hoQBPR9Y1MsnxFzFGNarGe2RJT5gNpF8uuP4hR3a1Dr5evVK0wqtG2t0t6RUEPm1WpFNL3BcjVnaarWAA/s320/300926_304144846279787_91806730_n.jpg)
დღეს,
როცა უკან ვიყურები, მიკვირს ჩემი თავის, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს და რატომ არასოდეს
გამომითქვამს პრეტენზია ტაშტში ბანაობაზე, სოფლის ტუალეტზე, ბოლზე, უშუქობაზე და კიდევ
რა ვიცი რამდენ რამეზე. პრინციპში, სულ რომ გავგიჟებულიყავი და გადავრეულიყავი, ვერავინ
ამიშენებდა ჯაკუზის და ვერც გაზის გამათბობელს დამიდგამდა. მაგრამ არც მიჩივლია და
დამიწუწუნებია. ალბათ, ყველაფერი სიმშვიდის ბრალია.
ყოვლისმომცველი სიმშვიდე, რაც სოფელშია
გამეფებული, გაწყნარებს, უფრო მომთმენს გხდის, გამძლეობას გმატებს, სითბოთი და სიყვარულით
გავსებს. მერე კი ყველაფერი ძალიან მისაღები და ჩვეულებრივი ხდება, გაჭვარტლული თეთრეულიც,
ხახვის სუნად აყროლებული ტანსაცმელიც და დაუბანელი თავიც.
![]() |
მე და ტატო, ბედნიერები და უდარდელები |
კიდევ იცით რა მომწონს? დამოუკიდებლობა. ასეთი დამოუკიდებელი
არასოდეს ვყოფილვარ. მე განვაგებ ყველაფერს. არავინ მაკონტროლებს თავისი კომენტარებით,
იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოვიყურები, როგორ მოვიმატე ან გავსუქდი, დავრეცხე
თუ არა ჭურჭელი, დავალაგე თუ არა სახლი და ა.შ. თუ მინდა მთელი დღე მძინავს ან მთელი
დღე დაულაგებელ ოთახში ვზივარ და არ ვწუხდები :)
მოკლედ არის რაღაც აუხსნელი ნეტარება სოფლურ ცხოვრებაში
და ეს სიტყვებით ძნელად გადმოსაცემია. ყველამ უნდა იცხოვროს, გამოსცადოს და მერე თავად მიხვდება.
Comments
Post a Comment